თბილისი, 2012 წელი, 2 ივნისი.
თავზე დამათენდა. არ ვიცოდი რა დამეწერა. არა და რამე უეჭველი უნდა დამეწერა. არც ის ვიცი დავამთავრებ ამ ტექსტს თუ არა ბოლომდე და იხილავთ თუ არა თქვენ. ნუ, თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ, ე.ი. სანერვიულო არაფერია და წინ მთელი პოსტი გელით.
ყველაზე საინტერსო თემის შერჩევაა. არაფერი რომ არ მოდის თავში. უფრო სწორად, კი მოდის, მაგრამ იმაზე დაწერა არ შეიძლება. ნუ, კი შეიძლება, მაგრამ ძალიან გაცვეთილი გამოვა.
მაინც როგორ მინდა რამე ორიგინალური დავწერო. ნუთუ შენ ისევ აგრძელებ კითხვას ? ვეღარ ხვდები, რომ მთელი პოსტი უაზრო დიალოგი იქნება შენთან და სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ დავწერ ?!
იცი, ძალიან საინტერესო ვინმე ხარ შენ. ჩემს ჩანაწერებს რომ კითხულობ. როგორ მაინტერესებს რა სიამოვნებას განიჭებს ეს. არა და რამდენი კარგი რამის გაკეთება შეგიძლია ამ დროში. მე კი არ გაცდი. ვწერ უსაშველოდ და აღარც ვჩერდები.
შენ რომ არ არსებობდე, ალბათ ამის დაწერასაც არ ექნებოდა აზრი. წერა კიდევ შეიძლება ითქვას რომ ჩემი ცხოვრებაა. ანუ შენ ჩემი ცხოვრების აზრი გამოდიხარ. არა, სიყვარულს კი არ გიხსნი, უბრალოდ ასე გამოდის. საინტერესოა. ცხოვრების აზრი, რომელსაც არც კი ვიცნობ. თითქოს კონკრეტული და ამავდროულად აბსტრაქტული. რა საინტერესო ვინმე ჩანხარ.
ისევ აქ ხარ ? რახან აქამდე მოხვედი, ე.ი. დაგაინტერესე. ალბათ უნამუსობა იქნება თუ ასე მშრალი მონოლოგით შემოვიფარგლები. შენ ხომ აქ იმისთვის მოდი, რომ რაიმე საინტერესო შეგეტყო ჩემ შესახებ. კარგი გეტყვი.
მე ახლა ვწერ რადგან არ ვიფიქრო. წერისას აზრები თავისთვის მოდიან და ლაგდებიან ხოლმე. ამიტომაც ვეჭვობდი თავიდან, დასრულდებოდა თუ არა ეს წერილი, ნახავდი თუ არა შენ ამას. მე ახლა ვცდილობ არ ვიფიქრო. ფიქრის გარეშე დავიცალო და ისევ ის ძველი ბიჭუნა გავხდე, რომელიც აქამდე ვიყავი.
ალბათ გაინტერესებს რა შეიცვალა. მოდი ეს შემდეგისთვის გადავდოთ. საინტერესოა შენთან საუბარი. გიყვები რაღაც აბსურდულს, რომელსაც ვერ იგებ. ვერ ხვდები რისი თქმა მსურს, მაგრამ მაინც მისმენ. ჩვენი ურთიერთობა დღეს შედგა.
შენ ან ძალიან კარგი პიროვნება ხარ., ან უსაქმური, რომელსაც არ ეზარება ათასი სისულელის წაკითხვა. ვიმედოვნებ, რომ პირველი. მინდა დაგემშვიდობო და ძალიან დიდი მადლობა გითხრა იმისათვის, რომ მომისმინე. სამწუხაროა, პასუხის გაცემის საშუალებას რომ არ გაძლევდი. ალბათ შევხვდებით ერთმანეთს და შენც მეტყვი შენ სათქმელს.
დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის მოსაყოლი. შენ ხომ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ. აი, ისევ აქ ხარ. თავს არ მანებებ. თავი მოგაწყინე, შენ კიდევ აგრძელებ ჩემ მოსმენას. მე უნდა წავიდე. ბარგი ჩავალაგო და წავიდე.
დავბრუნდე ბინძურ ქალაქში, სადაც სულაც არ ცხოვრობენ ადამიანები. ეს ის ქალაქია, სადაც გონიათ, რომ ცხოვრობენ. მე ამას ცხოვრებას ვერ დავარქმევდი. მე მივდივარ. საიდან არ ვიცი, მაგრამ მჯერა რომ მომენატრება. გამახსენდება. სულ ასე ხდება ხოლმე. ამიტომ მე დავბრუნდები. რაც შეიძლება მალე…
დავბრუნდები.














